რატომ მიაღწია საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას, როცა ამ მიმართულებით ბევრმა დასავლურმა სახელმწიფომ მარცხი განიცადა - ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა intellinews.com აქვეყნებს.
სტატიაში ნიდერლანდებისა და საქართველოს COVID 19-თან ბრძოლის მაგალითებია შედარებული. პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ვირუსის პირველი შემთხვევა ორივე ქვეყანაში თითქმის ერთი და იგივე დროს დაფიქსირდა, თუმცა, დღეის მონაცემებით, საქართველოში არც ერთი ფატალური შემთხვევა არ არის, ხოლო ნიდერლანდებში გარდაცვალების 106 ფაქტია დაფიქსირებული. ნიდერლანდები ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, კრიზისს ვერ უმკლავდება.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ თავიდანვე მიიღო პრევენციული ზომები იმპორტირებული შემთხვევების შესამცირებლად. საზღვარზე არა მხოლოდ ტემპერატურას შემოწმება, არამედ საეჭვო პაციენტების შესაძლო კავშირების გარკვევაც ხდებოდა. მთავრობამ შექმნა კორონავირუსის შესახებ სპეციალური ვებ-გვერდი, რითაც მოქალაქეებს გაუმარტივა ინფორმაციაზე წვდომა.
საქართველოსგან განსხვავებით, ნიდერლანდებს პრევენციული ზომები არ გაუტარებია. მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების შანსი ნული იყო. საზოგადოებას კი ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია სათანადოდ არ მიეწოდებოდა.
"საქართველომ, ლიბანმა და საბერძნეთმა აქტიურად უპასუხეს რეგიონში არსებულ გამოწვევას"-წერია სტატიაში.