COVID 19-ით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტიდან 1 რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის ინფიცირების წყარო დადგენილია - მას ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
"ჩამოსვლისთანავე იყო თვითიზოლაციაში, მერე წამოვიდა ტემპერატურა და ამის გამო მიმართა კლინიკას. 2-3 დღე იყო სახლში. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არ არის რთული, აქვს პნევმონია. დღეს კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით დადასტურდა ორმხრივი პნევმონია, თუმცაღა სუნთქვის კომპონენტი გაუარესებული არ არის. ქრონიკული დაავადებები არ აქვს. ხშირად მოგზაურობს საქართველოდან ამერიკაში, როგორც თვითონ თქვა, და, ამჯერადაც ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა თურქეთის გავლით,"- განაცხადა ლევან გოფოძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 73 ფაქტი დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანია, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252. ამასთან, კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 10-მა პაციენტმა დაამარცხა.