იქცევა თუ არა კახეთი ვირუსის გავრცელების რისკზონად - ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, დაადგენენ თუ არა ეპიდემიოლოგები იმ ახალგაზრდა მამაკაცის ყველა კონტაქტს, ვინც 3 დღის განმავლობაში გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა.
მოქალაქეს, რომელსაც COVID-19 უკვე დაუდასტურდა, კახეთში ოჯახის წევრის დაკრძალვაზე თბილისიდან ჩავიდა. ადგილობრივი ეპიდემიოლოგების განმარტებით, ინფიცირებულ მამაკაცს, დაახლოებით 13 ოჯახთან ჰქონდა კონტაქტი. ნაწილი იდენტიფიცირებულია. მუშაობა გრძლდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა იმერეთში. შუა ხნის ქალი საშუალო სიმძიმით ქუთაისის კლინიკაში მკურნალობს. პაციენტი ინფიცირებული მამაკაცის ახლობელია, ისინი საქართველოში 20 მარტს ესპანეთიდან დაბრუნდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ქუთაისის ინფექციურ საავდმყოფოში ამ დროისთვის სულ სამ ინფიცირებულს მკურნალობენ. კორონავირუსი დაუდასტურდა 30 წლის მამაკაცს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ორი პაციენტია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულება დატოვა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა.
საეჭვო სიმპტომის მქონე 23 პირია მოთავსებული ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. ინფორმაციას კლინიკის დირექტორი ადასტურებს. თუმცა ციური აბულაძე განმარტავს, რომ კორონაზე გამოკვლევა მხოლოდ 7-ს ჩაუტარდება. პაციენტების მიღებას კლინიკაში იმით ხსნიან, რომ ინფექციური საავადმყოფო ცხელების ცენტრად გამოცხადდა. ინფექციურ საავადმყოფოში დღეს საეჭვო სიმპტომებით 5 პირი საკარანტინო ზონიდან, 2 კი სარფის საბაჟოს გადმოკვეთის შემდეგ მიიყვანეს. დანარჩენი 16 პირი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ტემპერატურის მატების გამო მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას.
19-მდე გაიზარდა კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების რაოდენობა საუნივერსიტეტო კლინიკაში. ორივე ახალი შემთხვევა მარნეულს უკავშირდება. ორივე შემთხვევაში ინფექციის დადასტურება სწრაფი ტესტით მოხდა. კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში. ახალი შემთხვევები კლინიკას არ დამატებია. 45 პაციენტია ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათ შორის კორონავირუსი არცერთს არ დადასტურებია. ლუგარიდან 7 პირის პასუხებს ელოდებიან. კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 31 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში.
COVID-19-მა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იმსხვერპლა საზღვარგარეთ. შეერთებულ შტატებში დაღუპული მამაკაცი რიგით მეხუთე ქართველია, რომელიც კორონავირუსით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გარდაიცვალა. ექიმები საქართველოში შიდა გავრცელების შემთხვევების არსებობას ადასტურებენ. ფიქსირდება ინფიცირების ფაქტები, როდესაც ეპიდმისამართის დადგენა ვერ ხერხდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 110 დადასტურებული შემთხვევაა, 21 გამოჯანმრთელებული, კარანტინის რეჟიმში 5 ათასამდე ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 278.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.