მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები უკვე 9 დღეა საკარანტინო პირობებში იმყოფებიან, შესაბამისად, ახალი რეგულაციები და მეტი სიმკაცრე აქ ნაკლებად იგრძნობა, ვინაიდან დამატებითი საქმე არის ის, რომ სამართალდამცავებმა უნდა გადაამოწმონ, ხომ არ იმყოფება ავტომობილში სამზე მეტი მგზავრი.
ეტაპობრივად და გეგმაზომიერად გადაადგილდებიან რეგიონში სადისტრიბუციო და სატრანზიტო მანქანები. სატრანზიტო გადაზიდვების მძღოლების განცხადებით, სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოში პრობლემები არ შექმნიათ და შესაბამისი დეზინფექციისა და შემოწმების შემდეგ მათ სატრანზიტო მოძრაობა შეუფერხებლად გააგრძელეს.
მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის გავრცელების შეფერხების ღონისძიებების ფარგლებში თერმოსკრინინგით 130 ათასზე მეტი ადამიანია შემოწმებული, ორივე მუნიციპალიტეტში 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს, სავარაუდოდ, 2 დღეში შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდება, რის შემდეგაც შემოწმების ახალი ეტაპი დაიწყება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღება კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს უკავშირდება. დღეიდან საკარანტინო ზომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს. 30 მარტს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობის პირობები გამკაცრდა და უკვე დღეიდან 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.