მას შემდეგ, რაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს რეკომენდაციების შესრულებისკენ და რისკ ჯგუფში ყოფნის შემთხვევაში, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, თემაზე კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ covid 19-ის გავრცელების რისკი არის ყველა იმ ადგილას, სადაც კი ადამიანები იკრიბებიან, მათ შორის, ეკლესიაშიც.
"რა თქმა უნდა, ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც ხდება ადამიანთა თავმოყრა, შეიძლება ინფექციის გადაცემა მოხდეს. ეს შეიძლება მოხდეს ყველგან და ჩვენ ამის მაგალითები უკვე გვაქვს, რომ ეს მოხდა გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები ერთად მუშაობენ და იკრიბებიან. სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკლესიაშიც. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაცია ეხება ყველას ერთნაირად, მათ შორის მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც, ყველას ეხება ეს ჩვენი მოწოდება, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ნებისმიერი სახის კონტაქტებისგან. სოციალური დისტანცირება არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი და არ გამოიხატებოდეს დღეში ასეულობით შემთხვევად და იყოს მხოლოდ ათეული შემთხვევები,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.