18 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
გვექნება თუ არა კორონავირუსის ვაქცინა - მსოფლიო COVID-19-ის დამარცხების მოლოდინში

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად წამზომი ჩართულია. ახლა ყველა ელოდება დროს, როცა მსოფლიო იტყვის, რომ პრევენციული მედიცინით კორონავირუსზე გაიმარჯვა. ვაქცინაზე ამ დროისთვის 8 ქვეყნის 19 კომპანია მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთი ქართველი მეცნიერი გიორგი ბაბუაძეა, რომელმაც კანადაში სპეციალისტების გუნდთან ერთად, კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოიგონა და ახლა ის პრე-კლინიკურ ცდას გადის. ცხოველებზე ჩატარებლმა ცდებმა გაამართლა, ორგანიზმში ვირუსის ანტიგენის შეიყვანით დნმ ვაქცინა ახლა უკვე ადამიანებზე უნდა გამოსცადონ. თუკი პროგნოზმა გაამართლა, ვაქცინის მასობრივი გამოყენება მაქსიმუმ ერთ წელში იქნება შესაძლებელი.

მეცნიერები კიდევ 2 პოტენციურ ვაქცინას ტესტავენ ავსტრალიაში. პრეპარატები ოქსფორდის უნივერსიტეტმა შექმნა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი მათ ცხოველებზე ტესტირების ნება დართო. ტესტირების შედეგად გაირკვევა, რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნება ვაქცინის გამოყენება. ტესტების შედეგებს სპეციალისტები ივნისში ელოდებიან.

ვაქცინის შექმნასთან ერთად, ექიმები პრაქტიკაში ცდიან იმ მედიკამენტებსაც, რომლითაც კორონავრიუსით ინფიცირებულებს კურნავენ. ბოლო პერიოდში სპეციალისტები ალაპარაკდნენ კოვიდ-19 მკურნალობის ახალ მეთოდზე, რომელიც შესაძლოა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხი აღმოჩნდეს. უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტისგან, მას შემდეგ, რაც დამატებით გაივლის 2-კვირიან თვითიზოლაციის პროცესს, აიღებენ სისხლს, რომელიც, შესაძლოა, განკურნებაში დაეხმაროს სხვა ინფიცირებულებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ სისხლის პლაზმაში ცირკულირებს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომლებიც შეიძლება უკვე დაავადებულ ადამიანს გამოადგეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ ,რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით მკურნალობა საკმაოდ მიღებული მეთოდია. პლაზმით საქართველოში პაციენტებს ერთხელ უკვე უმკურნალეს, როცა ყირიმ-კონგოს ცხელება იყო. კორონავირუსით ინფიცირებულებთან ეს მეთოდი ქართველ ინფექციონისტებს ჯერ არ გამოუყენებიათ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც პაციენტებს ამ გზით უმკურნალებს.

ქართველი ექიმები ამჟამად პაციენტებს პლაქვენილით მკურნალობენ. ჩინეთის მიერ რეკომენდებული მედიკამენტებიდან, ინფექციონისტებმა არჩევანი სწორედ ამ პრეპარატზე გააკეთეს. „ევროპის წამლის სააგენტო“ ქვეყნებს მოუწოდებს, მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტები COVID-19-ის სამკურნალოდ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონ, რადგან მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნას. „ევროპის წამლის სააგენტო“ აღნიშნავს, რომ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები ჰიდროქლოროქინი და ქლოროქინი მხოლოდ კლინიკურ ცდებში ან „გადაუდებელი ეროვნული პროგრამების“ ფარგლებში უნდა გამოიყენონ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია,რომ ბცჟ-წითელას საწინააღმდეგო აცრა, ადამიანს კორონავირუსისგან იცავს, თუმცა ეს მითია თუ რეალობა, ამ დროისთვის არავინ იცის. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მელბურნში საუკუნის წინ შექმნილი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს, რათა დაადგინონ, რამდენად დაიცავს ვაქცინა აცრილებს კორონავირუსისგან. მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციის ინფორმაციით, „ბეცეჟემ“ შესაძლოა ინფიცირებულებში დაავადების კონცენტრაცია შეასუსტოს.

დარჩი სახლში- კორონავირუსთან ბრძოლის მთავარ მეთოდად რჩება. ახლა ყველა ჩვენგანის პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული დაავდების გავრცელების ტემპები და მასშტაბები. ჩვენ გვაქვს მსოფლიო მაგალითები როგორ შეიძლება ერთი ადამიანი საფრთხე გახდეს ათასებისთვის, ან სოციალური დისტანცირებით გადაარჩინოს მილიონები.


დღის ამბები