18 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
აჭარასა და სამეგრელოში კორონავირუსის ახალი კლასტერები შესაძლოა ზომების კიდევ უფრო გამკაცრების მიზეზი გახდეს

აჭარაში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია, რომლის პირველწყარო ცნობილი არ არის და ამჟამად მიმდინარეობს მისი კონტაქტების კვლევა.  

ქობულეთის რაიონი სოფელი დაგვა რისკის ზონა იმ ქალის გამო გახდა, რომელმაც არ იცოდა, რომ საშიში ვირუსის მატარებელი იყო. ახლა მთელი სოფლის მოსახლეობა ექიმების დაკვირვების მთავარი ობიექტია. იმ შემთხვევაში, თუ COVID-19 ადგილობრივი მოსახლეობიდან კიდევ ვინმეს დაუდასტურდა, პროცესი ერთ კონკრეტულ დასახლებაში შესაძლოა გართულდეს. შუახნის ქალის მშობლები ფილტვების ანთებით სტაციონარში მკურნალობენ, ასევე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი აღენიშნება ერთ-ერთ მეზობელს.

ინფიცირებულის კონტაქტები მხოლოდ სოფლის მოსახლეობით არ შემოიფარგლება. კარანტინის ზონაშია 15-ზე მეტი ექიმი. როგორც ირკვევა, მას კონტაქტი ჰქონდა სასწრაფო დახმარების ორ ბრიგადასთან და კლინიკა "მედინას" მედპერსონალთან. პაციენტს კორონავირუსი კი მხოლოდ ექიმებთან ამ ვიზიტის შემდეგ დაუდასტურდა.

არ არის გამორიცხული, რომ ერთი მოქალაქის დაავადება მთლიან რეგიონში ზომების კიდევ უფრო გამკაცრების მიზეზი გახდეს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ ადგილობრივი მობილური ჯგუფები ყველა კონტაქტზე გასვლას და ინფიცირების გზების მოძებნას, რადგან არავინ იცის, ვინ გადასდო შუახნის ქალს კორონავირუსი.

აჭარა მეორე რეგიონია სამეგრელოს შემდეგ, სადაც განსაკუთრებული მობილიზაციაა. უკვე რამდენიმე დღეა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლევებზე შეჰყავთ ის პირები, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდათ შეხება. ამ ჯგუფს დღეს ერთი ფეხმძიმე ქალიც დაემატა. პაციენტი, რომელსაც ტემპერატურა უფიქსირდება, მკლავჭიდელის ახლო მეგობრის მეუღლეა.

სპორტსმენის მოგზაურობის ისტორია რამდენიმე მუნიციპალიტეტს და რეგიონს მოიცავს. კიდევ ერთი ადგილი, სადაც ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობდნენ სოფელი რუისია. აქ სპორტსმენის ძმა და ოჯახის სხვა წევრები, მათ შორის არასრულწლოვნებიც ცხოვრობენ. პირდაპირი კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულს კი ძმასთან ჰქონდა, რომელსაც COVID-19 არ დაუდასტურდა.

თავად სპორტსმენს საზოგადოებისთვის დღესაც სათქმელი იგივე აქვს. ბოდიშს უხდის ყველას, ვინც მის გამო კარანტინში ან იზოლაციაშია.

ვირუსის სავარაუდო გავრცელების ორივე დიდი ჯგუფი დადასტურების ჯერ მხოლოდ ერთ ნიშნულზეა. იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა კონკრეტულ კლასტერებში გაიზრდება, არ არის გამორიცხული, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

დღის ამბები