მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ქირურგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი გრიგოლიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა იმ მეთოდებზე, რისი საშუალებითაც გერმანია ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობის მიუხედავად, ლეტალური შემთხვევების მცირე რაოდენობას ინარჩუნებს.
მისი ინფორმაციით, გერმანიამ პანდემიასთან ბრძოლისთვის მზადება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებმა. მან აღნიშნა, რომ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ იანვრის ბოლოს დაიწყო პირველადი ნაბიჯების გადადგმა, რაც გულისხმობდა განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით პირველადი ტესტირების დაწყებას.
როგორც გიორგი გრიგოლია ამბობს, საუბარია, PCR მეთოდით ტესტირებაზე, რომელიც სანდოობის ხარისხით ოქროს სტანდარტს მიეკუთვნება. მისი თქმით, თებერვლის თვეში, გერმანიაში ყოველკვირეულად 160 ათასი ტესტი კეთდებოდა.
მეორე ფაქტორი, რომელიც "ღამის კურიერის" სტუმრის მოსაზრებით, ლეტალური შემთხვევების ნაკლები რაოდენობის განმსაზღვრელი აღმოჩნდა, არის ის, რომ გერმანიაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გაცილებით მეტი საწოლი იყო, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. მან აღნიშნა, რომ პანდემიის გამოცხადებისას ქვეყანას 28 ათასი საწოლი ჰქონდა მობილიზებული მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს 3-ჯერ ნაკლები ჰქონდათ.
გიორგი გრიგოლიამ ისაუბრა პლაზმათერაპიაზეც, რომელიც გერმანიაში აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, პლაზმათერაპიის დროს კორონავირუსით დაავადებულის მკურნალობა ხდება გამოჯანმრთელებულისგან მიღებული პლაზმის მეშვეობით. როგორც სტუმარმა აღნიშნა, გამოჯანმრთელებულს სხეულში უმუშავდება დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულები, რასაც სპეციალისტები დაავადების საწინააღმდეგოდ მიმართავენ. ექიმის ინფორმაციით, ეს მეთოდი დღესდღეობით გერმანიაში ერთ-ერთ იმედისმომცემ თერაპიად მიიჩნევა.