ოკუპირებულ აფხაზეთში კრონავირუსის ფაქტის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, დღის წესრიგში გაგრის რაიონში კომენდანტის საათის შემოღება დადგა, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.
დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქის გასასვლელებში ე.წ მილიციის კორდონები ჩადგა და გაძლიერებული პატრულირება ქალაქის შიგნითაც. ინფორმაციას ამის შესახებ sputnik abkhazia ავრცელებს.
თვითიზოლაციის მკაცრ რეჟიმზეა გადასული იმ მრავალსართულიანი კორპუსის 100-მდე მაცხოვრებელი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა კორონავირუსის ინფექციით დაავადების ფაქტი ოფიციალურად გუშინ დაადასტურა. დაავადებულია გაგრაში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ მივლინებით მოსკოვში იმყოფებოდა. ის გუდაუთის საავადმყოფოშია მოთავსებული.
ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას რეგიონში საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.