18 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID 19-ზე ჩატარებული 21 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში COVID 19-ის ინფექციაზე ჩატარებული 21 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითი იყო. მისი თქმით, დღეს COVID 19-ის ინფექციაზე კიდევ 25 პაციენტის ტესტირებაა დაგეგმილი, რომელთა პასუხიც ცნობილი ხვალ გახდება.

"21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა შემთხვევაში ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს დაგეგმილია, ასევე, 25 პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა და ხვალისთვის გვეცოდინება მათი კვლევის შედეგები. ჩვენს ზოგიერთ პაციენტს აქვს მაღალი ცხელება, თუმცა განსაკუთრებულად მძიმე პაციენტი არ გვყავს.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან და მათი მკურნალობა გრძელდება. ასევე გვყავს, 2 COVID დადასტურებული პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან ბოქსებში, მათაც უტარდებათ მკურნალობა. ორივეს აღენიშნება პნევმონია, თუმცა, საბედნიეროდ, არცერთს სუნთქვის მართვა არ სჭირდება,"- განაცხადა ლევან გოფოძემ.

დღის ამბები