18 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
ექიმები თვითიზოლაციაში - მოქალაქეების მხრიდან ინფორმაციის არაზუსტად მიწოდებისას მედპერსონალი რისკის ქვეშაა

ექიმებისთვის კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომების დამალვის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა უკვე თვითიზოლაციაში იმყოფება.

სამედიცინო პერსონალი, რომელიც მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის პირობებში ყოველდღიურად დიდი დატვირთვით მუშაობს, მოქალაქეების ნაწილის მხრიდან ინფორმაციის არაზუსტად მიწოდების სიხშირეზე უკვე ღიად საუბრობს. სასწრაფოს ექიმები საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაუდევრობით მედიკოსებში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას ქვეყნისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევენ.

ინფორმაციის არაზუსტ მიწოდებასთან ერთად, სასწრაფოს ექიმები არამიზნობრივი გამოძახებების პრობლემაზეც საუბრობენ. მსოფლიო პანდემიის პირობებში მედიკოსები არსებული პერსონალური რესურსების ეფექტურად გამოყენებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად თვლიან.

მათი თქმით, როდესაც უმნიშვნელო პრობლემის გამო სასწრაფოს ბრიგადა გამოძახებაზე გადის, შესაძლოა, პოტენციური ინფიცირებული დახმარების გარეშეც კი დარჩეს.

სიმპტომების დამალვასა და ექიმების რისკის ქვეშ დაყენების პრობლემაზე "კურიერთან" ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტიანობა სწორედ სამედიცინო პერსონალის დაცულობაზე გადის. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამინისტრო მოქალაქეების ამ კუთხით ინფორმირებისთვის დამატებით მასშტაბურ კამპანიას უკვე გეგმავს. მინისტრი მოქალაქეებს სასწრაფო დახმარების ექიმების დაცვისკენ მოუწოდებს.

"კოვიდ19"-ის დასამარცხებლად სამოქალაქო თვითშეგნების აუცილებლობაზე საუბრობს მოსახლეობის უმრავლესობაც. ქვეყნის მაცხოვრებლები მძიმე კრიზისული სიტუაციის ფონზე სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას პრიორიტეტად მიიჩნევენ. 

ინფიცირების საფრთხის გამო ამ დროისთვის თვითიზოლაციასა და კარანტინში უკვე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ჯგუფი იმყოფება. ამ ფონზე კი, როდესაც ქვეყანა, სავარაუდოდ, ვირუსის გავრცელების პიკს უახლოვდება, დაავადებასთან გამკლავებისთვის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების შეუფერხებელი საქმიანობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.


დღის ამბები