10 სექტემბერი 2026,   12:06
ვრცლად
ქობულეთის სამედიცინო კლინიკის სანიტარი COVID-19-ით დაინფიცირდა - თერმოსკრინინგის შედეგად 13 საეჭვო პაციენტი გამოვლინდა

ქობულეთის სამედიცინო კლინიკის სანიტარი კორონავირუსით დაინფიცირდა. აჭარის ჯანდაცვის უწყება ადასტურებს, რომ ორი ინფიცირებულიდან ერთი სამედიცინო პერსონალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ე.წ. შიდა გადაცემა.

რამდენიმე დღის წინ ამ საავადმყოფოში სხვა ჩივილებით მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

პარალელურად, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს ქობულეთის იმ სოფლებშიც, სადაც ერთ-ერთი დიდი კლასტერია. ინფიცირებულია 20 ადამიანი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, თერმოსკრინინგის შედეგად 13 საეჭვო შემთხვევას აკვირდებიან, გამოვლენილია 355 კონტაქტი.

მისივე თქმით, ქობულეთის საკარანტინო ზონად გამოცხადებულ ოთხივე სოფელში ჯამში დაახლოებით 11 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და კვირის ბოლომდე მათი თერმოსკრინინგი სავარაუდოდ სრულად დასრულდება.

"1 600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა შემოწმება. ჩატარდა გამოკითხვა, პროცესის შედეგად 13 საყურადღებო შემთხვევა გამოვლინდა," - განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ქობულეთის მერის თქმით, სოფლებში დღეიდან დაიწყება მობილური ბაზრების ფუნქციონირება.

 

დღის ამბები