"ნაციონალური მოძრაობა" სტუდენტების დახმარებას მოითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების გამო ოჯახები განსაკუთრებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამიტომ სახელმწიფომ მიმდინარე სასწავლო სემესტრის საფასური სტუდენტებისათვის მთლიანად უნდა დაფაროს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი სახელმწიფოს და განათლების სამინისტროს მოუწოდებს სტუდენტებს მეორე სემესტრის გადასახადი დაუფარონ.
მისი თქმით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტში ამისთვის თანხები ნამდვილად არის ეს კი იქნება ყოველმხრივ გამართლებული ნაბიჯი.
"ყოველ მესამე ოჯახში არის სტუდენტი, ამიტომ ნაციონალური მოძრაობა მიმართავს განათლების სამინისტროს, რომ მეორე სემესტრის თანხა ყველა სტუდენტს დაუფაროს. განათლების სამინისტროს ეს თანხა ნამდვილად აქვს, ხოლო იმ სტუდენტებს ვინც ეს თანხა უკვე გადაიხადა უკან უნდა დაუბრუნონ გადასახადი,"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.