ქობულეთის კლასტერი გაიზარდა - ამ დროისთვის ჩაკეტილ ზონაში COVID-19 25 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორისაა სოფელ ლეღვაში მცხოვრები ათის წლის მოზარდი და 9 თვის ჩვილი. კორონავირუსით დაინფიცირებული ოჯახი, დღეს დილით აჭარიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
სოფელ ლეღვაში კოვიდ-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე სოფლიდანაა თბილისში გადმოყვანილი ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვებით. სახლში დარჩენილი ოჯახის ერთადერთი წევრი სახლის დეზინფექციას ითხოვს.
ამავე სოფელს უკავშირდება ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი. ვირუსით ინფიცირებულ პირთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ბობოყვათის ტექსტილის საწარმოს მენეჯერი ამბობს, რომ ინფიცირებული პირი მათი თანამშრომელია, თუმცა ბოლო პერიოდში, კოლეგებთან შეხება არ ჰქონია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ ინფიცირებული ადამიანი საწარმოს თანამშრომელი არ არის და ის კომპანიაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრია.
ქობულეთი მესამე დღეა მკაცრი კონტროლის რეჟიმზეა. ამ დროისთვის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომებია, 3 700 ადამიანს თერმოსკრინინგი უკვე ჩაუტარდა. გრძელდება რამდენიმე სოფლის მოსახლეობის შემოწმება. კოვიდ19-ის ინფექციის მქონე პირებთან კონტაქტების რიცხვი კი 370-მდეა გაზრდილი. ქობულეთის მერის ინფორმაციით, ჩაკეტილ სოფლების სურსათით მომარაგება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ჩაკეტილი რჩება ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციული ერთეული. ბლოკ- საგუშაგოებზე მოსახლეობის თერმოსკრინინგის გარდა, დეზინფექცია უტარდება ყველა შემსვლელ ავტომობილს. პროცესს თავდაცვის ძალებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ. უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე წითელ ზონაში კანონდარღვევის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.