თბილისში მოძრაობა გაჩერდა. 12:00 საათიდან თბილისსა და რეგიონებში მსუბუქი მანქანებით გადაადგილება აკრძალულია. დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით ქუჩებში ვეღარ იმოძრავებენ მანქანები, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ფონზე, ეს არის კიდევ ერთი, დამატებითი ნაბიჯი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უსაფრთხოების ნორმების გასამკაცრებლად გადაიდგა.
როგორც "კურიერთან" თბილისის მაცხოვრებლები აცხადებენ, თბილისის შემოგარენში მაღაზიები საფეხმავლო მანძილზე არაა, ამიტომ ამ მხრივ პრობლემები შეექმნებათ. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას დრო უნდა მისცემოდა, რომ პროდუქტები მოემარაგებინათ.