პირველი 24 საათის განმავლობაში აპლიკაცია STOP COVID, 151 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გადმოწერა.
აპლიკაცია, რომელიც მის მომხმარებლებს გააფრთხილებს, თუ კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან, ქართველი მოსახლეობისთვის გუშინ გახდა ხელმისაწვდომი და მხოლოდ 24 საათში 151,357-მა მომხმარებელმა გადმოწერა. აქედან 92,040 ანდროიდის, ხოლო 59,317 iOS სისტემის მომხმარებელია.
აპლიკაცია მის მომხმარებლებს შორის სარისკო კონტაქტებს განსაზღვრავს. სარისკო კონტაქტად ითვლება, თუ 2 პირს შორის ინტერაქცია 10 წუთზე დიდხანს გრძელდება და მათ შორის დისტანცია 2 მეტრზე ნაკლებია. აღნიშნულ ინფორმაციას აპლიკაცია სრულიად ანონიმურად იმახსოვრებს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირს ვირუსი ოფიციალური ტესტირების შედეგად დაუდასტურდება, ხდება მისი კონტაქტების გაფრთხილება.
აპლიკაცია გადმოწერის შემდეგ არ საჭიროებს მობილურის ნომრის მითითებას. მობილურის ნომერი მომხმარებელს შეჰყავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიულად დაუდასტურდა COVID-19. მობილურის ნომრის შეყვანით მოხდება მისი ინფიცირების სტატუსის გადამოწმება შესაბამის ბაზაში, ცრუ შეტყობინების თავიდან აცილების მიზნით და იმ შემთხვევაში თუ ინფიცირება ბაზაში დასტურდება, იმ პირებს, ვინც მასთან იმყოფებოდნენ, სარისკო კონტაქტში დაეგზავნებათ გაფრთხილება.
STOP COVID აპლიკაცია არ მოითხოვს რეგისტრაციას და მომხმარებლის პირადი ინფორმაცია არის სრულიად დაცული. დისტანციის განსაზღვრის მიზნით, აპლიკაციას სჭირდება წვდომა ბლუთუზსა და ლოკაციაზე. ზოგიერთი ანდროიდის ვერსიაზე კი, აპლიკაცია დამატებით მოითხოვს წვდომას მიკროფონზე, თუმცა არ აქვს შესაძლებლობა და უფლება, ჩაიწეროს ან გადასცეს აუდიო შეტყობინება.
მიკროფონზე წვდომა საჭიროა, რადგან ანდროიდის ვერსია იყენებს Android Nearby ტექნოლოგიას ორ სმარტფონს შორის მანძილის დასადგენად. ეს სერვისი იყენებს ულტრაბგერით სიხშირის ტალღებს, რისთვისაც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მიკროფონზე წვდომა. მიკროფონის გამოყენება ხდება ულტრაბგერების (ყურისთვის შეუმჩნეველი სიხშირის ტალღა) აღსაქმელად, რათა მოხდეს მოწყობილობებს შორის მანძილის დადგენა.
როდესაც მომხმარებელი აპლიკაციას დააყენებს, მართვის პანელიდან შეუძლია გადამოწმება, თუ რაზე აქვს აპლიკაციას წვდომა მინიჭებული, მიკროფონი ამ ჩამონათვალში არ არის.
ყველა მონაცემი ინახება ექსკლუზიურად თქვენს ტელეფონში. სრული გამჭვირვალობისთვის, საწყისი კოდი ყველასთვის ხელმისაწვდომია Github– ზე: https://github.com/novid20org.