18 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
13 გასროლა კორპუსების მიმართულებით მსხვერპლით დასრულდა - პოლიციელს 7-დან 15 წლამდე​ პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ პოლიციელს, რომლის მიერ უმისამართო გასროლილ ტყვიასაც ქალი ემსხვერპლა, ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. 

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელმა, კომენდანტის საათის დროს, ნასვამ მდგომარეობაში "ვიკინგ"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. 

სავარაუდოდ, სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალი დაუმძიმა. გამოძიების მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა 13-ჯერ გაისროლა. პროკურატურის ცნობით, სროლის დროს, 9 საათზე პოლიციელი სახლში მარტო იმყოფებოდა.

სამართალდამცავის მიერ გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ ქალს მოხვდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

უფლებადამცველები დღეს თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკავებულს პირადად შეხვდნენ და ბრალის წარდგენასაც დაესწრნენ. მათი თქმით, პოლიციელი ფსიქოლოგიურად მძიმედ გრძნობს თავს. ადამიანის მოკვლის განზრახვას მისი ადვოკატები გამორიცხავენ. ისინი ამბობენ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევაა.

თავდაპირველად, პროკურატურა პოლიციელს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავებოდა, რასაც გარდაცვლილი ქალის ოჯახი არ ეთანხმებოდა. შინაპატიმრობა ან 2-დან 4-წლამდე პატიმრობა მათთვის დანაშაულისათვის არაადეკვატური სასჯელი იყო. თამარ ანთელავას ოჯახის წევრები ახლა სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ.

19 აპრილს, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში უკვე კომენდანტის საათი იყო ამოქმედებული, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის აივნიდან გასროლილმა იარაღმა მოპირდაპირედ მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. 50 წლის თამარ ანთელავას ტყვია თავში მოხვდა.

არაპირდაპირი განზრახვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ხვალინდელ სასამართლოზე პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოითხოვს.

დღის ამბები