დედაქალაქში დღეიდან ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა. თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ელექტროსკუტერით სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.
საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. პროექტის მიზანი არსებულ ვითარებაში სატრანსპორტო ალტერნატივის შემუშავებაა, რომელიც ურბანული მობილობის სირთულეებს მოაგვარებს და საქართველოს დიდ ქალაქებში ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს.
ის თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია "სქროლმა" ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა, რომლის გააქტიურებასაც მომხმარებელი სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს.
კახა კალაძის განცხადებით, ელექტროსკუტერები თბილისში გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში განთავსდება. დედაქალაქში ამჟამად სულ 1 000 სკუტერია შემოყვანილი.
"ქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც განთავსდება ეს ელექტროსკუტერები და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება გადმოწერილი აპლიკაცია, ძალიან მარტივად ექნება შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს ამ ელექტროსკუტერებით.
ეს არის კომპანია BIRD-ი, რომელიც არის ამერიკული სტარტაპი და მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.