თეთრიწყაროს კლასტერი ფართოვდება - ინფიცირებულების რაოდენობა დღეს კიდევ გაიზარდა. COVID-19- მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები ახლა, კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტებს სწავლობენ.
ბოლო მონაცემებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 20 შემთხვევაა დადასტურებული. უმრავლესობა ადგილობრივი კლინიკის მედპერსონალი და მათი ოჯახის წევრები არიან. ისინი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობენ და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
პარალელურად წითელზონაში 35 ადამიანი კარანტინში იმყოფება. მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებიც არიან. თეთრიწყაროს კლინიკის დირექტორი, რომელიც ასევე კარანტინშია, ამბობს რომ პერსონალის იზოლაციის გამო სამედიცინო მომსახურება პარალიზებული არ იქნება. კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, მიმდებარე სოფლების სასწრაფო დახმარების ბრიგადების მობილიზება მოხდება.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, თეთრიწყაროსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმოსკრინინგის მიმდინარეობს. მედიკოსებმა ჯამში 20 ათასი ადგილობრივი უნდა გადაამოწმონ.
შეზღუდვების მიუხედავად, ჩაკეტილ ზონაში სადისტრიბუციო მანქანები და სპეცტექნიკა შესაბამის პროცედურების გავლის შემდეგ, უპობლემოდ გაადგილდებიან. ამ დროისთვის თეთრიწყაროში პირველადი მოხმარების ნივთების და სურსათის დეფიციტი არ არის.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალებმა დამატებით რამდენიმე საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, რაიონის შესასვლელსა და გამოსასვლელს აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. მეოთხე ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამ ლოკაციაზე, ერთ სტატიკურ და ორ მობილურ გამშვებ პუნქტზე მორიგეობს. ჯარისკაცები სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების პროცესს მკაცრად აკონტროლებენ და მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ.
თეთრიწყარო ქვემო ქართლის რიგით მესამე მუნიციპალიტეტია, რომელიც წითელ ზონად გამოცხადა. განსაკუთებული ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ეპიდემიოლოგებმა ადგილობრივი კლინიკის მედპერსონალის ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.