ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს. მამა დავით კობაიძეს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა - შენახვას ედავება.
საქმე 20 აპრილს, გორის რაიონის სოფელ რიეთში სასულიერო პირებს შორის მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას უკავშირდება რა დროსაც, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა მისვე მეგობარ სასულიერო პირს საბა ჟღენტს ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნა.
"კურიერის" ინფორმაციით, მამა საბა ჟღენტსა და დაკავებულ სასულიერო პირს შორის კონფლიქტი ყინწვისის მონასტერში დაიწყო. დაპირისპირებას შეესწრო მეუფე იობიც, რომელმაც ვითარების განმუხტვა შეძლო. მოგვიანებით, ორივე სასულიერო პირმა მონასტერი დატოვა, თუმცა კონფლიქტი საავტომობილო გზაზე გაგრძელდა.
"კურიერმა" გაარკვია, რომ შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცელებმა 7 ტყვია ამოიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამა დავით კობაიძემ საბა ჟღენტის ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა. შეიარაღებულ დაპირისპირებას უშუალო თვითმხილველები არ ჰყავს, რადგან ინციდენტი კომენდანტის საათის დროს მოხდა.
სასულიერო პირებს შორის მომხდარი შეირაღებული დაპირისპირების ოფიციალური მოტივი დღეს შინაგან საქმეთა სამინიტროს არ დაუსახელებია. კონფლიქტის მიზეზებზე არ საუბრობენ არც ყინწვისის მონასტერში. სასულიერო პირები რამდენიმე დღეა მღვდლებს შორის დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფენ.
მომხდარზე არც კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტერში სურთ საუბარი, რომლის წინამძღვარიც საქმეში დაზარალებულია. ადგილზე მისულ ”კურიერის” გადამღებ ჯგუფს უთხრეს, რომ მამა საბა ჟღენტი მონასტერში რამდენიმე დღეა არ ყოფილა. ის კამერებთან ბოლოს 22 აპრილს გამოჩნდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
სასულიერო პირების შეირაღებული თავდასხმის დეტალებზე რუის-ურბნისის ეპარქიაში ხმამაღლა თითქმის არავინ ლაპარაკობს. ”კურიერის” ინფორმაციით, დაკავებული და დაზარალებული სასულიერო პირების, მეუფე იობის ახლო გარემოცვის წევრები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა საბა ჟღენტს, რომლსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს გამოძიებისთვის ამ დროისთვის ჩვენება არ მიუცია. უცნობია ისიც, გამოკითხეს, თუ არა საგამოძიებო უწყებაში რუის-ურბნისის მეუფე იობი, რომლიც ამ სისხლის სამართლის საქმეში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოწმე იქნება.