ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავით აქიაშვილს, იგივე კობა კობაიძეს ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ. სასულიერო პირი, რომელიც ამ დროისათვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 20 აპრილს ყინწვისის მონასტერში დაიწყო, რის შემდეგაც მამა დავით აქიაშვილმა მისივე მეგობარ, მამა საბას, ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნა. ადგილიდან ამოღებულია 7 ტყვია. დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია.
დაკავებული სასულიერო პირის ადოკატი უარყოფს სროლის ფაქტს და აცხადებს, რომ დავით აქიაშვილს არც იარაღი ჰქონია და არც უსვრია:
"ფაქტობრივ გარემოებებს არ ვეთანხმებით, ვიყენებთ დუმილის უფლებას, დანარჩენი უკვე გაირკვევა ახლო მომავალში. არანაირი იარაღი არ არის გამოყენებული, ამოღებული, ფაქტობრივად არ არსებობს იარაღი, მე როგორც მაქვს ინფორმაცია საქმეში პირდაპირი მოწმეები არ არიან და ირიბი მოწმეები არიან. არც იარაღი ჰქონია, არც უსვრია," - განაცხადა ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
სასულიერო პირის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.