18 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
შეიარაღებული დაპირისპირება რუის-ურბნისის ეპარქიაში - ყინწვისის მონასტრის ბრალდებული წინამძღვარი დუმილს ინარჩუნებს

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს ბრალი წინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე წარუდგინეს. მეუფე იობ აქიაშვილის შვილობილი დუმილის უფლებას იყენებს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას ედავება.

წმინდა სინოდის წევრის შვილობილი, სასულიერო პირებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა კობა კობაიძემ, იგივე მამა დავით აქიაშვილმა, სასულიერო პირს, კომენდანტის საათის დროს, ავტომობილით გადაადგილებისას ცეცხლი გაუხსნა.

"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 7 ტყვია ამოიღეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ წინამძღვარმა სასულიერო პირის ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა.

ადვოკატმა ბრალდებული მღვდელი დღეს მოინახულა, უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ შეიარაღებული დაპირისპირება არ მომხდარა და გამოძიებას საქმის მთავარი მტკიცებულება, ცეცხლსასროლი იარაღი, არ ამოუღია .

20 აპრილს მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო ძამას ხეობაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ანაბეჭდები ამოღებულია იმ ავტომობილიდან, რომლითაც, "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული სასულიერო პირი გადაადგილდებოდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ მამა საბა ჟღენტსა და დავით აქიაშვილს შორის დაპირისპირება წლების წინ დაიწყო და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, ყინწვისის მონასტერში გამწვავდა. დაპირისპირებას შეესწრო რუის-ურბნისის მმართველიც. მეუფე იობ აქიაშვილმა ვითარების განმუხტვა დროებით შეძლო. მოგვიანებით კი ორივე სასულიერო პირმა მონასტერი დატოვა და კონფლიქტი საავტომობილო გზაზე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას უშუალო თვითმხილველები არ ჰყავს, რადგან ინციდენტი კომენდანტის საათის დროს მოხდა. დეტალებზე საუბარი უჭირთ სასულიერო პირებსაც, მაგრამ დაკავებულს როგორც მეუფის შვილობილს, ისე იხსენიებენ, მამა საბა ჟღენტი კი გასული კვირის შემდეგ მონასტერში არ გამოჩენილა. 

ის, რომ დაკავებული კობა კობაიძე, იგივე მამა დავით აქიაშვილი რუსის-ურბნისის მმართველის ახლო გარემოცვის წევრია, წინამძღვრის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებებიც მოწმობს. თუმცა ნათესავებს მომხდარის გამო საუბარი უჭირთ, მათი თქმით, სასულიერო პირი ოჯახთან წლების განმავლობაში კონტაქტს ერიდებოდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, სასულიერო პირს მომხდარის გამო პასუხისგება საეკლესიო წესებითაც მოუწევს. ამისთვის ეპარქიის მმართველმა მამა დავით აქიაშვილს სასჯელი უნდა დაუდგინოს, ან მომხდარი შეუნდოს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, შვილობილის საქციელის გამო განმარტებებს მეუფე იობ აქიაშვილისგან ელიან, თუმცა, თუ ეპარქიაში ინტერესთა კონფლიქტი დადგინდა, არ არის გამორიცხული, საქმეზე ეპისკოპოსებმა საპატრიარქოშიც იმსჯელონ.

"კურიერის" ინფორმაციით, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის სასულიერო პირს, მამა საბა ჟღენტს, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, გამოძიებისთვის ჯერ ჩვენება არ მიუცია. ასევე, გამოკითხულთა შორის არ არის არც რუის-ურბნისის ეპარქიის მეუფე იობი.

დღის ამბები