18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
COVID-19 საქართველოში - ორშაბათიდან ქვეყანა შიდა გავრცელების პირველი შემთხვევიდან მეშვიდე კვირის ათვლას დაიწყებს

კორონავირუსის 8 მსხვერპლიდან ბოლო ორის გარდაცვალების შემთხვევა საუნივერსიტეტო კლინიკაში დაფიქსირდა. ერთი 83 წლის მამაკაცია, COVID-19-ის მერვე მსხვერპლი კი 72 წლის ქალია. პაციენტს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში 14 აპრილიდან მკურნალობდა, კორონავირუსის გარდა თანმხლები არაერთი დაავადება ჰქონდა.

COVID-19-ის პირველის შემთხვევა დადასტურდა კახეთში. "მწვანე ზონა" ყვარელში დაირღვა. კოვიდინფიცირებული სასწრაფო დახმარებისა და "ევექსის" ექიმია. სპეციალისტები ყვებიან, რომ მას ჩივილები არ ჰქონდა, ვირუსი კი გეგმურმა შემოწმებამ - PCR აგრესიულმა ტესტირებამ აჩვენა. გავრცელებული ინფორმაციით, მედიკოსი ათობით გამოძახებაზე იმყოფებოდა. თუმცა კონკრეტულად რამდენ პაციენტთან ჰქონდა შეხება, ჯერჯერობით ეს რიცხვი ვერ კონკრეტდება. ამ დრომდე ასევე უცნობია ზუსტი ეპიდემიოლოგიური სურათიც, თუმცა ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, კონტაქტების უმრავლესობა დადგენილია. როგორ დაინფიცირდა ყვარელში ექიმი, წყარო უცნობია. ამ ფაქტის გამო რისკჯგუფში შემავალ ადამიანებს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. ინფიცირებული ექიმი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

ინფიცირებულ მედიკოსთა სტატისტიკა გაზარდა მარნეულში დადასტურებულმა შემთხვევებმაც. მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების სამსახურის 9 თანამშრომელს COVID-19-ის დიაგნოზი ტესტირების შედეგების საფუძველზე დაუსვეს. აქედან მედპერსონალი ორია. წყარო ცნობილია. სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლების ინფიცირება თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება. ქვემო ქართლი კორონავირუსით ყველაზე მეტადაა დაზარალებული. მთლიანი სტატისტიკის 32% ამ რეგიონზე მოდის.

გაფართოვდა გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კლასტერიც, COVID-19 ქალთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. სავარაუდოდ, ის მედდის ნათესავია, ესაა მე-5 პაციენტი ამ კლასტერიდან. ინფიცირებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც.

ინფიცირებულთა თითქმის 13% მედპერსონალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ის მსოფლიო სტატისტიკას იშველიებს, რომლის მიხედვითაც, ექიმებისა და ექთნების ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 10-15%-ში მერყეობს.

ორშაბათიდან ქვეყანა შიდა გავრცელების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან მეშვიდე კვირის ათვლას დაიწყებს. პიკური ფაზისა და ახალი შემთხვევების დაფიქსირების გათვალისწინებით, სპეციალისტები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ. მათი რეკომენდაციაა, რომ სიმპტომების მიუხედავად ვიკონტროლოთ ტემპერატურა, ჩივილების გამოვლენისა და ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.

დღის ამბები