18 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
რა მიზანი აქვს რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის გავრცელებას - კრემლის ბინძურ კამპანიას ჩინეთიც აჰყვა

უკვე არავის უკვირს, რომ ბრძოლის ერთ-ერთ გზად კრემლი ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის გავრცელებას იყენებს. მცდარი ინფორმაციების ავტორებს საკუთარი დანაშაული დღეს კიდევ ერთხელ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან შეახსენეს. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯორჯ კენტმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის დროს აღნიშნა, რომ რუსეთის ბინძურ კამპანიას უკვე ჩინეთიც აჰყვა.

ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთს არ მოსწონს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ახლო მეგობრობა.

ლუგარის ლაბორატორიის წარმატებასთან ერთად იზრდება მის წინააღდეგ მიმართული კამპანიაც. კრემლთან დაკავშირებული მედიასაშუალებები და სხვადასხვა ორგანიზაცია განაგრძობენ ისეთი ტიპის ინფორმაციების გავრცელებას, რომელიც კვლევითი ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მათ შორის დღესაც, ცხინვალის არაღიარებული მთავრობის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში წარმოებულ ცდებს მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. ლუგარის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ბიოლოგიური იარაღის შექმნის გამო საქართველოს და შეერთებული შტატების ქმედებები მკაცრად დაგმო ჩინეთმაც. რუსული პროპაგანდისტული არხები მუდმივად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ ლუგარის ლაბორატორია ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს.

რუსეთის მიზნები მკაფიოა ექსპერტებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ კრემლი შეერთებული შტატების წინააღმდეგ მოკავშირეებს ეძებს. ამისთვის კი ცდილობს გააბრაზოს და დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ შტატების დახმარებით დაარსებული ლაბორატორია დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება ავტორიტარული ქვეყნების ბრძოლა დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, თუმცა ფაქტები მაინც სხვაზე მეტყველებს - საერთაშორისო სტანდარტის ლუგარის ლაბორატორია ვირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღია.

დღის ამბები