უხვი ნალექისა და ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის გზის მონაკვეთი ამ დრომდე ჩაკეტილია. გადაადგილება აკრძალულია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. შეზღუდვები უკვე 24 საათზე მეტია ძალაშია.
როდის გაიხსნება გზა - ამ კითხვაზე პასუხი უახლოეს საათებში უნდა გახდეს ცნობილი. არსებულ ვითარებას სპეციალისტები ადგილზე შეაფასებენ. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ტექნიკის ადგილზე მობილიზება უსაფრთხოდ ჩაივლის, გზის გაწმენდაც დაიწყება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, ვაჟა საბაურის თქმით, ნალექი შედარებით შესუსტდა და როგორც კი ამინდი კიდევ უფრო დასტაბილურდება, გზის გაწმენდაც დაიწყება.