18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
დღეისათვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე 188 პირია გადმოყვანილი - ქეთევან ციხელაშვილი ინფიცირების გაზრდილ შემთხვევებზე

სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. მინისტრის ინფორმაციით, დღეისათვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე 188 პირია გადმოყვანილი.

"იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეის მონაცემებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ მონაცემებით, რასაც თავად აქვეყნებენ, აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა და ბუნებრივია, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვით, რომ სწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი, ან ნაკლები. მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა გატარდეს, პროტოკოლი დაიცვან, რათა არ მოხდეს უმართავი და მასიური გავრცელება ამ ვირუსის. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია და ჩაკეტილობა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მხრიდან, რომ ადგილზე დავეხმაროთ მოსახლეობას უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას. დაწყებული იმ გამოცდილებიდან, რაც მივიღეთ ჩვენ და დანარჩენმა მსოფლიომ გამკლავებასთან დაკავშირებით, დასრულებული უშუალოდ სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებებით და სრული მზაობით და სურვილით, დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ორივე რეგიონიდან დიაგნოსტიკაში და უკვე ამ ინფექციის მართვაში შესაბამისს კლინიკებში, რომლებიც არის უკვე განთავსებული საოკუპაციო ხაზთან ახლოსაც ორივე მიმართულებით.
განსაკუთრებით ახალი ინფრასტრუქტურაა რუხი, რომელიც სრულ მზადყოფნაშია აფხაზეთიდან პაციენტების მომსახურებისთვის. დღეისათვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 პირი. აქედან, თითქმის 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას, დანარჩენი იმყოფება საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში,"-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები