ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 677 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 419-ია. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების და გარდაცვლილების რაოდენობის გამოკლებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 246-ია.
"უკვე თვალსაჩინოა სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულებს შორის," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 6 ახალი შემთხვევიდან 4 საკარანტინო ზონიდანაა, ისინი ცნობილი კლასტერებიდან არიან. 2-ის წყაროს დადგენა კი ჩაღრმავებული კვლევით მიმდინარეობს. ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტები არ შესულან.
ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 27 პაციენტი მკურნალობს, ასევე მიიღეს 4 საეჭვო შემთხვევა, რომელიც დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენენ და მიმდინარეობს მათი კვლევა. საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მძიმე პაციენტია, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, იმ 23 პირიდან, რომლებსაც ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება დაუდასტურდათ, 9 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო.