ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს არ დაუშვას თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული კანონმდებლობის შესუსტება. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თამბაქოს ინდუსტრია საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შესუსტებას ცდილობს.
"ინფორმირებული ვართ თამბაქოს ინდუსტრიის არაერთგზის მცდელობის შესახებ, შეასუსტოს საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა. ერთ-ერთი მათგანი ეხება ე.წ. გასახვევი თამბაქოს, იგივე თუთუნის, ბევრად მცირე, 15 გრამიანი შეფუთვით გაყიდვის დაშვების მცდელობას. 15 გრამი ბევრად მცირეა, ვიდრე დღეს მოქმედი კანონი ითვალისწინებს. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს. ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დოქტორმა ჰანს ჰენრი პ. კლუგემ ამ საკითხთან დაკავშირებით, 2020 წლის 14 მარტს, სპეციალური წერილით საქართველოს პარლამენტს მიმართა.
თამბაქოს ნაწარმის მცირე შეფუთვებით გაყიდვა გაზრდის მის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და დაუცველი ჯგუფებისათვის. ჩარჩო კონვენციის მე -16 მუხლი კონკრეტულად ამ საკითხს არეგულირებს და ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა დაამკვიდრონ. სიგარეტების და თუთუნის შესაბამისი ზომის, 100 და 50 გრამიანი შეფუთვების დაკვიდრებით საქართველომ ეს უკვე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ შეესატყვისება ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/40/EU დირექტივას თამბაქოს და მასთან დაკავშირებული პროდუქტების შესახებ, რომელიც ადგენს, რომ თუთუნის შეფუთვა 30 გრამზე ნაკლებ პროდუქტს არ უნდა შეიცავდეს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს, დაიცვან საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა და წინ აღუდგნენ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული ყოვლისმომცველი პოლიტიკის და კანონმდებლობის შესუსტების მცდელობას“,-აღნიშნულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებაში.