08 სექტემბერი 2026,   11:45
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვის დროს ბრალდებულსა და პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ხმაური იყო დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვის დროს. ბრალდებულსა და საქმის პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გამომძიებელმა დაცვის მხარის მიერ დასმული კონკრეტული კითხვების აცილება მოითხოვა. დღეს პროცესზე 4 ექსპერტ-კრიმინალისტი დაკითხეს. მათგან 2 გიორგი რურუას ავტომობილის ჩხრეკას ესწრებოდა.

"ორი ექსპერტ-კრიმინალისტი ესწრებოდა კონკრეტულად ნიმუშის აღების პროცედურას. რაც შეეხება დანარჩენებს, 2 მოწმე ესწრებოდა გიორგი რურუას ავტომობილის ჩხრეკას. სწორედ ამ გარემოებების გარშემო დაიკითხნენ მოწმეები და მისცეს ის განმარტებები, აღწერეს ამ პროცედურების მიმდინარეობა. ბატონი რურუა ცდილობს ამ პროცესების მიმდინარეობისას დისკრედიტაცია მოახდინოს მოწმეების, დასვას იმგვარად კითხვები, შესაბამისად ამას თავისთავად მოყვა ჩვენი პროტესტი და ამან გამოიწვია უბრალოდ მისი მხრიდან მორიგი შეურაცხყოფა," – განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.

გიორგი რურუას ადვოკატი კი აცხადებს, რომ საქმის პროკურორის მხრიდან ადგილი ყვირილსა და აგრესიულ დამოკიდებულებას ჰქონდა, რამაც სიტუაციის გამწვავება გამოიწვია.

"პროკურორის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიულ დამოკიდებულებას, ყვირილს და ამან გამოიწვია სიტუაციის გამწვავება, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

დაიკითხა 4 ექსპერტ-კრიმინალისტი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ განაცხადეს არის, რომ მარტივად არის შესაძლებელი ადამიანს ჩხირით, რომელზეც არის ბამბა მოთავსებული, წაუსვა კანზე, აიღო მისგან დნმ-ის ნიმუში და მერე გაიტანო ნებისმიერ ნივთზე. ზუსტად ასე მოხდა გიორგი რურუას შემთხვევაში," - აცხადებს რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები ამტკიცებდნენ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ფორმის შეცვლის შუამდგომლობას ყველა სხდომაზე დააყენებდნენ, დღეს მათ ასეთი გეგმა არ ჰქონდათ.

დღის ამბები