20 აპრილი 2024,   18:11
ვრცლად
ოჯახური ტრაგედია და უმძიმესი დანაშაული გურიაში - შვილის მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

ოჯახური ტრაგედია და უმძიმესი დანაშაული გურიაში - სოფელ შუა ამაღლებაში 29 წლის ახალგაზრდა მოკლეს. სავარაუდო დამნაშავე გარდაცვლილის მამაა. 49 წლის მამაკაცს, რომელიც დანაშაულიდან მალევე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

მან საკუთარ შვილს სასიკვდილო 2 ჭრილობა დანით მიაყენა. მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ბათუმიდან საკუთარ მშობლებთან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველებიც. 

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ის საკუთარ სახლში გადაასვენეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 49 წლის მამაკაცს რამდენიმე წლის განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მეზობლებთან არ კონტაქტობდა. გარდა ამისა, მას ნაკლები კონტაქტი ჰქონდა თავად ოჯახის წევრებთანაც. როგორც მეზობლები აცხადებენ, შემთხვევას ოჯახის სხვა წევრებიც შეესწრნენ, თუმცა მათ 29 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

"დაჭრა შვილი. რა თქმა უნდა, ცოლი და დედა გამოვარდნენ ამ ყვირილზე. სამზარეულოს სახლის წინ მოხდა და შემდგომ საცხოვრებელი სახლის წინ მისული წაიქცა. სასწრაფო მოვიდა თავის დროზე, მაგრამ უკვე როცა გადაიყვანეს გვიანი იყო. ეს მამა ბოლო 2 წელია ჩაკეტილი იყო, არ ურთიერთობდა მეზობლებთან, პრობლემური გახდა და ჩვენც, მეზობლებიც ვერიდებოდით," - აცხადებენ მეზობლები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

დღის ამბები