06 სექტემბერი 2026,   16:11
ვრცლად
პედიატრ თემურ მიქელაძის თქმით, მას კორონავირუსის პანდემიის პირობებში კავასაკის სინდრომის შემთხვევები არ ჰქონია

პედიატრმა თემურ მიქელაძემ "დღის კურიერის" ეთერში კავასაკის სინდრომზე ისაუბრა, რომელზეც არსებობს მოსაზრება რომ ის ბავშვებს კორონავირუსის ფონზე უვითარდებათ. თემურ მიქალაძის თქმით, ეს ახალი დაავადება არ არის და მის 22 წლიან პედიატრიულ პრაქტიკაში ამის 20-მდე შემთხვევა ჰქონდა.

"კავასაკის სინდრომი ეს არაა ახალი დაავადება, შარშან მაგალითად გვქონდა 2 შემთხვევა. ეს არის ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვების დაავადება, ხასიათდება მაღალი ცხელებით და ვასკულიტით, რაც არის სისხლძარღვების ანთება. მთავარი არის დროული დიაგნოსტირება და დროული რეფერალი. ლეტალობა მაღალია თუ არ მოხდება დროული დიაგნოსტირება, 25%-ის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიკროთრომბები, ანევრიზმა, შესაბამისად ამან უფრო მოგვიანებით გამოიწვიოს ლეტალობა, ამიტომ მთავარია დროული დიაგნოსტირება," - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

ექიმის თქმით, ჯერ ბოლომდე არაა დამტკიცებული, რომ კავასაკის სინდრომის შემთხვევების მომატება აუციელებლად კორონავირუსს უკავშირდება.

"თუმცაღა აღმოჩნდა რომ კორონავირუსმაც შეიძლება დააზიანოს სისხლძარღვი და გამოიწვიოს ანთება ანუ ვასკულიტი და კავასაკის სინდრომიც ესაა- ცხელება და ვასკულიტი,"- აღნიშნა პედიატრმა.

თემურ მიქელაძის თქმით,  მას პანდემიის პირობებში კავასაკის სინდრომის შემთხვევა არ ქონია, თუმცა ასეთი შემთხვევები იყო გასული წლის ნოემბერში და დეკემბერში და ორივე ბავშვი განიკურნა. 

დღის ამბები