საქართველოს კოვიდმონაცემების სისწორესთან დაკავშირებით ოფიციალური ერევნის მხრიდან გამოთქმულ ეჭვს თბილისში გამოხმაურება მოჰყვა.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა. მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა არ იმალება:
"ჩვენთან არსებული ყველა მონაცემები არის სწორი, დამალული არცერთი არაა," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას "ღამის კურიერში" საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უპასუხა. ამირან გამყრელიძის თქმით, თუკი ტოროსიანმა მსგავსი განცხადება ნამდვილად გააკეთა, საქართველოს დაავადებული მოქალაქეების შესახებ საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის უნდა ეცნობებინათ.
"ჯერ დასადასტურებელია, ნამდვილად იყო თუ არა ასეთი განცხადება, იმიტომ, რომ მე ვიცნობ პირადად ბატონ არსენ ტოროსიანს და ცოტა მიკვირს მისგან თუ ეს განცხადება ამ რაკურსით გაკეთდა. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის არადიპლომატიური განცხადება, იმიტომ რომ თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას, დაუდგინდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ ჩვენც და სომხეთიც ვართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერები," - განაცხადა გამყრელიძემ.