18 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მხარდაჭერა გრძელდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სოციალურად მოწყვლადი ოჯახები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულეს და კრიზისით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების მიზნით, პირველადი საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.

COVID-19-ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების მიზნით, გამყოფ ხაზთან მდებარე ოთხი მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ყველა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს პირველადი საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცემათ.

ლია გიგაური და ლელა აქიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად, ოჯახების საჭიროებებსაც გაეცნენ. გამყოფ ხაზთან ოჯახებს გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ღასან ხალილიც სტუმრობდა.

პროექტი UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და საბოლოო ჯამში შიდა ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახები სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმით, 6 თვის განმავლობაში 600 ლარის მხარდაჭერას მიიღებენ.

დღის ამბები