დღეიდან ენგურის ხიდის ე.წ. გამშვები პუნქტი იხსნება. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონში დაბრუნებას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მკურნალობის კურსს გადიოდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებმა ენგურის ხიდზე თან უნდა იქონიონ კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ვირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.
გარდა ამისა, ყველა პირი, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში შევა, ვალდებული იქნება 14 დღით თვითიზოლაციაში იყოს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 28 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 15 გამოჯანმრთელდა, ერთი კი დაიღუპა.