გადაიხედება თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში პოზიციები პლაქვენილთან დაკავშირებით - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელიცაა, "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, პლაქვენილის გამოყენება დროებით შეჩერებულია.
"საქართველომაც შეაჩერა პლაქვენილის გამოყენება დროებით, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი სპეციალური კომისია საბოლოო დასკვნას არ დადებს, იმიტომ რომ მათაც დროებით შეაჩერეს. ჩვენ ვმონაწილეობთ სოლიდარობის კვლევაში, რომელიც 4 მედიკამენტის კვლევას მოიცავს და ჯანმომ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, ამოეღო პლაქვენილი ამ კვლევიდან და ჩვენც მყისიერად, შესაბამისად, ამოვიღეთ ამ კვლევიდან. ჩვენთან პრაქტიკულად ყველა პაციენტია ჩართული კვლევაში, კვლევიდან ამოღება შესაბამისად ნიშნავს, რომ პლაქვენილი მეტი აღარ გამოიყენება, ის აღარ დაენიშნება ახლად შემოსულ პაციენტებს. პლაქვენილი იყო ძველ პროტოკოლში. ჩვენ შევცვალეთ ეს პროტოკოლი, გადის დაზუსტებას კლინიკური ჯგუფის წევრებს შორის და უმოკლეს დროში, შეიძლება დღეს ან ხვალ, ის გამოქვეყნდება," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ
კითხვაზე, ხომ არ დგანან ის პაციენტები საფრთხის წინაშე, რომლებმაც პლაქვენილით უკვე იმკურნალეს, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ამ მედიკამენტთან დაკავშირებით სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა, რისი მიზეზი შეიძლება ისიც იყო, რომ პაციენტების შერჩევა სკრუპულოზურად ხდებოდა:
"არა, ჩვენთან არ დაფიქსირებულა არც ერთი სერიოზული შემთხვევა გვერდითი მოვლენების. შესაძლოა, ეს იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ეს გვერდითი მოვლენები ეხება გულის რიტმის დარღვევას და ზოგიერთ სხვა დარღვევას. ჩვენ ვიცოდით რა ამ გვერდითი მოვლენის შესახებ, ძალიან სკურპულოზურად ვარჩევდით პაციენტებს და წინასწარ ვუტარებდით ყველა გამოკვლევას, რათა გამოგვერიცხა, რომ ეს პაციენტები მიეკუთვნებოდნენ პოტენციურ რისკ-ჯგუფს,"- აღნიშნა ცერცვაძემ.
მისი თქმით, პლაქვენილს ჯერჯერობით, რიტონავირი/ლოპინავირი ჩაანაცვლებს.
თენგიზ ცერცვაძემ კომენტარი კვლევაში მონაწილე სხვა მედიკამენტზე - რემდესივირზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ არანაკლები ნეგატიური შედეგები იდება ამ მედიკამენტთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, პლაქვენილი ყველას არ აუკრძალავს და ამის მაგალითად დონალდ ტრამპი მოიყვანა, რომელიც აცხადებს, რომ ამ წამალს პროფილაქტიკის მიზნით იღებს. როგორც ცერცვაძე ამბობს, თუ მედიკამენტი სწორად იქნება გამოყენებული, მას თავისი შედეგი აქვს.
"რემდესივირზეც საკმაოდ ბევრი ნეგატიურ შედეგები იდება, არანაკლები, რაც იდებოდა პლაქვენილზე. მისი ბედი ბოლომდე, ჯერჯერობით, გაურკვეველია. დაიკავებს ლიდერის პოზიციას კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებში, თუ ეწევა პლაქვენილის ბედი,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.