10 ივლისი 2020,   17:24
ვრცლად
ადგილობრივების თქმით, საბურთალოს კორპუსში, სადაც ინფიცირებული ექთანი ცხოვრობს დეზინფექცია ამ დრომდე არ ჩატარებულა

უკავშირდება თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება კოვიდინფექციის ქვეყანაში გავრცელებას - ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში იმატებს. დღეს ინფექციის 11 ახალი ფაქტი დადასტურდა, რაც საერთო მონაცემებს 794-მდე ზრდის.

19-ით არის გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. სულ, ვირუსი უკვე დამარცხებული აქვს 624 პაციენტს. კარანტინის რეჟიმში რჩება 2494. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

ახალ ინფიცირებულებიდან 8 არის თბილისში, ხოლო 3 მარნეულიდან. კახეთში კი პირველი ინფიცირებული გამოვლინდა - მძღოლი, რომელიც რუსეთიდან ბრუნდებოდა, სავარაუდოდ, მგზავრისგან დაინფიცირდა.

ე.წ. საბურთალოს კლასტერის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ. "კურიერის" ინფორმაციით, ეს ადამიანები არიან გადაყვანილი უშუალოდ იმ საცხოვრებელი სახლიდან, რომელშიც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანი ცხოვრობდა.

"კურიერი" იმყოფებოდა იმ საცხოვრებელ სახლშიც, სადაც ექთნის ბიძაშვილი ცხოვრობს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ არიან შეშინებულები, ვინაიდან სადეზინფექციო სამუშაოები არ ტარდება, მათთან ამ დრომდე არ მისულან სპეციალისტები და რჩევა-დარიგებები, რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, არავის მიუცია.

"არც დეზინფექცია ჩატარებულა სადარბაზოში, არც ტესტირებაზე მოსულა ვინმე, რომ ჩაეტარებინოს მოსახლეობის ტესტირება თვითონ ამ კორპუსში და არც გამაფრთხილებელი, თუნდაც ის, რომ ეთქვათ - აქ საგანგაშო და სახიფათო სიტუაციაა და ფრთხილად იყავით. არ ყოფილა ასეთი არაფერი საერთოდ," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ახალი, საკმაოდ დიდი კლასტერი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ერთ კვირაში გაჩნდა. მისი წარმოშობის პირველწყარო, სავარაუდოდ, ექთანია, რომელმაც საკუთარი ოჯახის 6 წევრი დააინფიცირა. შესაბამისად, ეპიდემიოლოგები ახლა მათ კონტაქტებს სწავლობენ.

ამ ეტაპზე, ე.წ. საბურთალოს კლასტერში, 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

დღის ამბები