10 ივლისი 2020,   11:31
ვრცლად
დავა კომპანია "ლიდერფუდის" წილებზე გრძელდება - საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს

დავა კომპანია "ლიდერფუდის" წილებზე გრძელდება. კომპანიის მოქმედი დირექტორი ირაკლი დუმბაძე მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს. ის 1 მილიონ ლარად შეფასებული კომპანიის 50%-იანი წილის უკან დაბრუნებას ითხოვს და სიმამრს, დავით ზეიკიძეს შანტაჟში ადანაშაულებს. ოჯახური ბიზნესსა და სიძე-სიმამრის დაპირისპირების საქმე ახლა უზენაეს სასამართლოშია.

"2 წლის განმავლობაში დავით ზეიკიძეს არაერთი ცრუ ბრალდება გაუჟღერებია ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. თუმცა, ბოლო შემთხვევა სრულიად განსხვავებულია, იქიდან გამომდინარე, რომ მასშტაბები დიდია. მან კორუფციაში დაგვადანაშაულა როგორც მე, ისევე ჩემი ადვოკატი და მთლიანად სასამართლო სისტემა. რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის მოგონილი, ტყუილი ბრალდება და თუ მას ამის შესახებ რაიმე მტკიცებულება გააჩნია, შეეძლო მიემართა პროკურატურისთვის,"- აცხადებს "ლიდერფუდის" დირექტორი ირაკლი დუმბაძე.

ადვოკატი ავთანდილ თეთრაშვილი დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლო წინა ინსტანციის გადაწყვეტილებებს ძალაში დატოვებს. 

"ორ ინსტანციაში სასამართლო მოგებული გვაქვს. ამ ეტაპზე, საქმეს განიხილავს უზენაესი სასამართლო და ველოდებით მის გადაწყვეტილებას. აქაც, ცალსახად ველოდებით ერთადერთ გადაწყვეტილებას, რომელიც სწორია - დარჩეს ძალაში წინა ინსტანციის გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ფიზიკურად სხვა გადაწყვეტილება ვერ გამოვა. იყო კონკრეტული პასუხისმგებლობა, რაც უნდა შეესრულებინა კაცს, არ შეასრულა არც პროცესუალურად, არც მატერიალურად და დავა წააგო,"- განაცხადა ადვოკატმა ავთანდილ თეთრაშვილმა.

დღის ამბები