"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, რომელიც საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირებას ასახავს.
ინციდენტი 3 ივნისის ღამეს, თბილისში მოხდა. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პოლიციას არ დაემორჩილა ავტომანქანა, რის შემდეგაც მას პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი აედევნა. მოგვიანებით, სამართალდამცველებსა და ავტომანქანაში მყოფ ორ პირს შორის ჩხუბი დაიწყო. დაშავებულია პოლიციელი, რომელსაც "კურიერის" ინფორმაციით, ხელი აქვს მოტეხილი.
მოქმედი გმირები "ქართული ოცნების" წევრისა და ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა და მისი მეგობარი - უშანგი თალაკვაძეა, რომელიც, ამავე დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ უწევს წინააღმდეგობას ორი პირი ათამდე პოლიციელს. ამ დროისთვის, ორივე დაკავებულია.
"კურიერის" კითხვაზე, აქვს თუ არა ნათესაური კავშირი უშანგი თალაკვაძეს არჩილ თალაკვაძესთან, გრიგოლ აბრალავას მამა, ანზორ აბრალავა აცხადებს, რომ ამგვარი კავშირი არ არსებობს.
"არ მგონია, ახლოს იყოს სინამდვილესთან და ადვოკატი საქმის კურსშია. ნუგზარ თალაკვაძე ვიცი, მეტი არაფერი არ ვიცი. ნაცნობები არიან. მგონია, რომ საერთოდ არ აქვს კავშირი პარლამენტის თავმჯდომარესთან,"-განაცხადა ანზორ აბრალავამ.
გრიგოლ აბრალავას ადვოკატი სოსო ხარატაშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ცეცხლსასროლი იარაღის არსებობის შესახებ, სიცრუეა.
"იგი დააკავეს გუშინ ღამით და ედავებიან პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობას და ხელის შეშლას, ჩადენილს ჯგუფურად, რა დროსაც დაზიანდა პოლიციის თანამშრომელი. ეს ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პასუხისმგებლობას, საკმაოდ მძიმე მუხლია. თუმცა, პოლიციელის დაზიანებას უშუალოდ არ ედავებიან, ვინაიდან მისი მხრიდან არ მომხდარა ხელის დარტყმა, რაიმე სახის შეხება, როგორც მე ვარ ინფორმირებული.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, აბსოლუტური სიცრუეა. ვინაიდან, საერთოდ იარაღი იქ არ ყოფილა და საქმეში აღნიშნულზე არაფერია, რადგან რამე რომ ყოფილიყო, შესაბამისი მუხლი იქნებოდა. უშუალოდ აბრალავასგან ვიცი, რომ თალაკვაძეს არა თუ ნათესაობა, არამედ ნაცნობობაც კი არ აქვს პარლამენტის თავმჯდომარესთან,"- აცხადებს გრიგოლ აბრალავას ადვოკატი სოსო ხარატაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პრესსამსახური ინფორმაციას, თითქოს უშანგი თალაკვაძე არჩილ თალაკვაძის ბიძაშვილია, უარყოფს.
დაშავებული პოლიციელმა სამედიცინო დახმარება ღუდუშაურის კლინიკაში მიიღო. ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის, მარინა გელანტიას ინფორმაციით, პოლიციელი კლინიკიდან უკვე გაეწერა.