18 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ნარკოპოლიტიკა იმდენად რთული საკითხია, ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდით ერთიან პოლიტიკაზე - სოფო კილაძე

როგორ განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების დოზა, რომლის შემთხვევაშიც პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში აღარ მიეცემა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნორმას ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექსპერტი და სწორედ მისი დასკვნის საფუძველზე მიიღებს სასამართლოც გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო სექტორისთვის კონსტიტუციის ეს ჩანაწერი აჩენს კითხვას: რამდენად ეფექტიანი იქნება ახალი გადაწყვეტილება? მოძრაობა, რომელიც უკვე წლებია ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებს, ახალი ინიციატივით გამოდის და პარლამენტს მიმართავს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს არ დაუდგენია კონკრეტული ოდენობები. არ უთქვამს, რომ აი ეს და ეს ოდენობა იქნება, რაზეც უნდა მოიხსნას საპატიმრო სასჯელი. ამის გამო, ფაქტობრივად სქემის ტვირთი გადადის საერთო სასამართლოებზე. იქ უნდა წავიდეს განხილვა, ეს ოდენობა არის თუ არა მოხმარებისთვის საკმარისი და ამისთვის ადამიანი უნდა დაისაჯოს თუ არა. ამიტომ, იძულებული ხდება პარლამენტი, კანონში განსაზღვროს კონკრეტული დოზები, სხვა შემთხვევაში კანონის აღსრულებაში ხარვეზები იქნება,"- განაცხადა "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრმა ბექა წიქარიშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის თქმით, მმართველ პარტიაში ამ საკითხის მოსაგვარებლად პოლიტიკური ნება არ არსებობს.

"სამწუხაროდ, პარლამენტს არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხი მოწესრიგებულიყო და აღარ გამხდარიყო საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარევა. სამომავლოდ ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს გონივრული. გადასახედია მთელი რიგი საკითხები, დაწყებული ოდენობებით, გაგრძელებული სასჯელთა ჰარმონიზაციით და დამთავრებული სხვადასხვა ტიპის საშუალებების გამიჯვნით საშიშროების ხარისხიდან გამომდინარე,"- განაცხაად ოთარ კახიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს ცალკეულ გადაწყვეტილებებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა მისი აღსრულება პრაქტიკაში ვერ ხდება.

"ჩვენ გვაქვს ისეთი ვითარება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს ცალკეულ გადაწყვეტილებებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ პრაქტიკაში არაფერი იცვლება არც საკანონმდებლო და არც კანონაღსრულების დონეზე. ჩვენ გვახსოვს საკონსტიტუციო სასმართლოს წინა, ანალოგიური გადაწყვეტილება, თუმცა არანაირი პოლიტიკა ამ კუთხით არ შეცვლილა. ამიტომ, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც, შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს მომხმარებელთან დაკავშირებით ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ძირითადი პრინციპები," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პრობლემას საზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირებს. 

"უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ნარკოპოლიტიკის კუთხით ჯერ კიდევ არ გვაქვს ის პოლიტიკა, რაც უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული, რადგან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის, თვითონ საზოგადოებაში, რადგან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი აქვთ საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფებს. ამიტომ, ეს იმდენად რთული საკითხია, ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდით ერთიან პოლიტიკაზე,"-განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები