ექსპერტი ჯონი მელიქიანი სომხეთში კორონავირუსით გამოწვეულ მძიმე რეჟიმსა და ეპიდსიტუაციის ფონზე არსებულ ვითარებაზე "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს.
ექსპერტი აცხადებს, რომ სომხეთში არსებობდნენ სკეპტიკოსები, რომლებსაც არ სჯეროდათ COVID-19-საფრთხის და ჩვეულებრივი სეზონური გრიპისგან მას არ განარჩევდნენ, არ იცავდნენ დისტანციას და არ ატარებდნენ ნიღბებს. ჯონი მელიქიანის თქმით, აქედან გამომდინარე, სხელმწიფო იძულებული გახდა სტრატეგია შეეცვალა და რეგულაციები გაემკაცრებინა.
როგორც სომეხი ექსპერტი "დღის კურიერში" აცხადებს, დღესდღეობით, სომხეთის მოსახლეობა აუცილებელ რეგულაციებს იცავს. ჯონი მელიქიანის მტკიცებით, ნიღბის ტარება ყველგან არის საჭირო, მაშინაც კი, თუ ერთ ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებიან. ის ამბობს, რომ გამკაცრებულმა ზომებმა გარკვეული შედეგი გამოიღო.
"დღის კურიერის" სტუმარი აღნიშნავს, რომ სომხეთში ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო.
"მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო დღეებში ვხედავთ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს და სპეციალისტებს. ეს ძალიან დასაფასებელია და ვაფასებთ კიდეც.
ჩვენთანაც არსებობდნენ სკეპტიკოსები, რომლებიც სიტუაციას არც თუ ისე სერიოზულად აფასებდნენ. არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას, არ იკეთებდნენ ნიღბებს, რის გამოც საჭირო გახდა სტრატეგიის შეცვლა და სახელმწიფო იძულებული გახდა გაემკაცრებინა ზომები და დაეწყო მკაცრი კამპანია. რაღაც მომენტში მოხდა მოსახლეობის შეშინებაც.
დღეისთვის სოციალური დისტანცია დაცულია, მათ შორის საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ღია სივრცეებში, ავტომობილებში. ყველგან საჭიროა ნიღბის ტარება, მაშინაც კი თუ საუბარია ერთი ოჯახის წევრებზე. დარღვევის შემთხვევაში უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო ადმინისტრაციული ჯარიმა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ამ ზომებმა შედეგიც გამოიღო.
პრინციპში, დადებითი ტესტების რაოდენობა 28-30%-ია, ბოლო ორი დღეა კეთდება ნაკლები ტესტი, რადგან ერთ-ერთი ლაბორატორია დროებით გაჩერდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამიკა მცირდება, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, მაგრამ კრიტიკული სიტუაცია აღარაა," – განაცხადა ექსპერტმა.