18 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
გლდანის რაიონში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა თბილისის მერმა დაათვალიერა

გლდანის რაიონში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ადგილზე ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მინი მოედანის მოწყობაა გათვალისწინებული. ადგილზე დამონტაჟდება განათება, ტრიბუნები, აშენდება ადმინისტრაციული შენობა. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა "ფორვარდის" დაფინანსებით ხორციელდება. სპორტულ კომპლექსს, ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები უსასყიდლოდ გამოიყენებენ. მშენებლობა დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა.

"დღეს გლდანში ვიმყოფებით. ეს არის კონკრეტულად მე-5 და მე-7 მიკრორაიონის კვეთა, სადაც თბილისის მერია ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ერთობლივ პროექტს ახორციელებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საფეხბურთო სპორტული სკოლა.

ჩვენ ასეთი პირველი პროექტი სამგორის რაიონში განვახორციელეთ, კონკრეტულად ვარკეთილში, რომელიც ძალიან დატვირთულია, ძალიან ბევრი ბავშვი სარგებლობს და ეს სამუშაოები შემოდგომაზე იქნება დამთავრებული," – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

პროექტის მიხედვით ასევე გათვალისწინებულია შენობა-ნაგებობა, სადაც გუნდების ე.წ. გასახდელები და სველი წერტილები იქნება განთავსებული.

დღის ამბები