საქართველო სახიფათო ფაზაში შედის. ქვეყანაში ყოველდღე მატულობს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები. სტატისტიკა უკვე საგანგაშოა. მით უმეტეს, რომ ახალი პაციენტების ერთი ნაწილის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობი რჩება.
იწყება, თუ არა საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა? - ახალ ინფიცირებულებს თან ერთვის ახალი კლასტერები. ყველაზე დიდი რისკზონა კი თბილისი გახდა.
COVID-19-ი აფეთქდა: რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კომპანია "უნისონში" და "თეგეტა მოტორსში".
სულ ამ დროისთვის ქვეყანაში 831 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ბოლო 24 საათში 9 ინფიცირებულია გამოვლენილი. რისკი იმისა, რომ ქვეყანაში უსიმპტომო ინფიცირებულები მოძრაობენ საკმაოდ გაზრდილია.დღეს დადასტურებული COVID-19-ის ახალი შემთხვევები, რომლის წყაროც დაუდგენელია, ფაქტობრივად 4 ახალი ინფიცირებულთა ჯგუფია.
სპეციალისტების განცხადებით, ახალი სტატისტიკა საგანგაშოა, მით უმეტეს, რომ ეპიდემილოგებს ინფორმაცია არ აქვთ როდის ან სად მოხდა კომპანია "უნისონის" თანამშრომლის ინფიცირება. მიმდინარეობს მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირება.
კომპანიში სადეზინფექციო სამუშაოები პრევენციის მიზნით უკვე ჩატარდა, თუმცა ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში დისტანციურად მუშაობდნენ. ახალგაზრდა ქალთან კავშირში მყოფი 5 თანამშრომლის გადამოწმება უკვე მოხდა, მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ. თავად ინფიცირებული მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის.
ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული კიდევ ერთი პირი ვისი წყაროც დაუდგენელია. პაციენტი არსებული ქრონიკული დაავადებებიდან გამომდინარე სახლიდან იშვიათად გადიოდა. სპეციალისტებს უჭირს დადგენა, თუ ვისგან გადაედო ქალს ვირუსი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ჯერ კიდევ დაუდგენელია კომპანია "თეგეტა მოტორსის" თანამშრომლის ინფიცირების წყაროც. რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის, რომ პაციენტი "საბურთალოს" ინფიცირებულთა ჯგუფს მიეკუთვნება. არსებული ინფორმაციით, კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომლის მონაცემები გადამოწმდა და არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აქედან ნაწილი ისევ კარანტინში რჩება.
ოთხივე ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამ ოთხისა ეპიდემიოლოგებმა კიდევ ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროს უკვე მიაგნო. წყარო სამედიცინო მედპერსონალია და სავარაუდოდ მედიკოსი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს. აქტიურად მიმდინარეობს მიმდინარეობს კვლევები, ასევე პირდაპირი და ირიბი კავშირების მოძიება.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ წესებს არ დავიცავთ, მეორე ტალღას ქვეყანა უფრო მალე მიუახლოვდება.
მსოფლიო ვირუსის კიდევ ერთ შემოტევას ოქტომბრის ბოლოდან ელოდება. სიტუაციის კონტროლი მოქალაქეების ქცევაზეა დამოკიდებული.
ახალი შემთხვევების და დაუდასტურებელი წყაროების სტატისტიკიდან გამომდინარე პრემიერ-მინისტრიც ამბობს, რომ ვითარება საგანგაშო ხდება. რეკომენდაციების და წესების დაცვისკენ საზოგადოებას გიორგი გახარიაც მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ვირუსის მეორე ტალღის შემოტევას ქვეყანა მშვიდი ეპიდსიტუაციით უნდა შეხვდეს.
მეორე ტალღის მოლოდინში, ქვეყანა დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის. 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი ამოქმედდება და მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით მეტი მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცემა. თუმცა საქართველო კონკრეტულ მითითებებს ტურისტების ნაკადის მართვის თვალსაზრისით ევროკავშირისგან ელოდება.