სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სპეციალიზაციის კურსი ჩაუტარდათ. სწავლების მიზანი გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეების, საერთაშორისო მიდგომებისა და სტანდარტების გაცნობა იყო.
"მნიშვნელოვანია, რომ გამომძიებელი, რომელსაც შეხება აქვს არასრულწლოვანთან იყოს აღჭურვილი არამხოლოდ სამართლებრივი ცოდნით, არამედ იმ უნარ-ჩვევებით, რომელიც აუცილებელია ბავშვთან კომუნიკაციისათვის და თითოეულ გამომძიებელს ძალიან კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული არასრულწლოვნის საჭიროებები. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავამზადეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, რომლებიც ჩაერთვებიან არასრულწლოვანთა მონაწილეობით საქმეთა გამოძიების პროცესში,"-განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.
სწავლება დისტანციურ რეჟიმში განხორციელდა. კურსის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდათ და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სპეციალიზაციის პროცესი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს პროექტის "არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.