დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არსებულ რისკებზე ისაუბრა.
ზახაშვილმა აღნიშნა, რომ დაავადება მხოლოდ 20%-ის შემთხვევაში მძიმდება, უსიმპტომო ადამიანები კი, შესაძლოა, ვირუსის გამავრცელებლები გახდნენ.
"ადამიანები უფრო უყურადღებონი გახდნენ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ და ცოტა უფრო მეტი თავისუფლება მისცეს საკუთარ ქცევებს, რითაც საფრთხე შეუქმნეს, ერთის მხრივ, საკუთარ და, მეორეს მხრივ, საზოგადოების ჯანმრთელობას.
სამწუხაროდ, ეს ისეთი დაავადებაა, როცა სიმპტომები გამოვლინდება, მანამდე ორი დღით ადრე, ეს ადამიანები უკვე გადამდები არიან, ხოლო სიმპტომების გამოხატულება ხანდახან იწყება ძალიან მსუბუქად, და მხოლოდ, დაახლოებით, 20%-ს დაუმძიმდება ეს დაავადება ერთი კვირის ან მეტი პერიოდის შემდგომ. შესაბამისად, ეს ადამიანები, რომელთაც საერთოდ არ დაუმძიმდება დაავადება, ანუ გაივლის მცირე რესპირაციით გამოხატული ნიშნებით, შედარებით მცირე ტემპერატურის მატებით, შეიძლება არც კი გაიზომოს, ასეთი ადამიანები ხდებიან დაავადების გამავრცელებლები. ამიტომ, ადამიანები უნდა მოუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას,"-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.