18 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
თუ გაჩნდება ბევრი უცნობი წყარო და ახალი შემთხვევების რადიკალური ზრდა, შეიძლება შეზღუდვების საჭიროება დადგეს - ალექსანდრე გოგინავა

შესაძლებელია თუ არა ეპიდსიტუაციის გამო ისევ დადგეს დღის წესრიგში გარკვეული შეზღუდვების შემოღება, მათ შორის, მაღაზიების დახურვა. ამასთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"პირადად ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის, თუმცა ვნახოთ დინამიკა, თუ ძალიან ბევრი უცნობი წყარო გაჩნდა და იქნა ახალი შემთხვევების რადიკალური, სწრაფი ზრდა, შეიძლება დადგეს ამის საჭიროება, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ასე არ იქნება. თუ, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ყველა რეკომენდაციას დაიცავს, ეპიდემიოლოგები გააგრძელებენ თავიანთ მუშაობას, ჩვენ სამედიცინო სექტორი იგივე რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას და მოსახლეობაც იგივე რეჟიმში, თუ ფრთხილად იქნება თავიდან ავიცილებთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებას," - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

გოგინავამ აღნიშნა, რომ მეორე ტალღას საზოგადოება და მედპერსონალი მეტად მობილიზებული დახვდება. 

"რთული სათქმელია, მეორე ტალღა იქნება თუ არა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს შემოდგომის მეორე ნახევარში. რაც შეეხება სიძლიერეს - რაც არ უნდა ძლიერი იყოს, სამედიცინო სექტორი და საზოგადოება ბევრად უფრო მზად დავხვდებით. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ერთი ის, რომ გამოცდილება მეტი გვაქვს; უკვე შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი იმ პერიოდისთვის იყოს მზად და მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაც მალე წამოგვეწევა და ხელს შეუწყობს იმას, რომ პანდემია სრულად დამარცხდეს,"- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

დღის ამბები