10 სექტემბერი 2026,   11:12
ვრცლად
გიორგი ჭანტურია რუსთავის ბაზრის დირექტორის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

17 თვის შემდეგ დამდგარი გამამართლებელი განაჩენი - რუსთავის ბაზრის დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია სასამართლომ გაამართლა.

მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ საქმეზე ორჯერ დააკავეს, პროკურატურამ მაინც ვერ შეძლო მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება, დაედასტურებინა ის, რომ გენერალი ქუთათელაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სწორედ მან მოკლა.

მკვლელობის იარაღზე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბრალდებულის ძალისხმევით ის საქმეში არ არსებობდა.

გიორგი ჭანტურიას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და დარბაზშივე დააკავეს.

"დაჭერილისთვის ამხელა დანაშაულის შეტენვა ალბათ მათთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ნამდვილი მკვლელის პოვნა. ყველაზე მეტად იმისა გამკვირვებია რომ ოჯახს სჯერა ამ ყველაფრის, ან უბრალოდ მათ აწყობთ ასე სჯეროდეთ. რაც შეეხება იარაღს, ამ საკითხს აუცილებლად გავასაჩივრებთ, რადგან ამ საკითხშიც უდანაშაულოდ ვთვლი ჩემს მეუღლეს. ჩვენს სახლში ჩხრეკა არაერთხელ ჩატარებულა, იარაღები არცერთ შემთხვევაში არ იყო აღმოჩენილი და უცბათ - 6 თვეში აღმოჩნდა ამხელა არსენალი,"- განაცხადა გიორგი ჭანტურიას მეუღლემ, ანა ხურციამ.

ადვოკატის თქმით, მოსამართლემ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ  გიორგი ჭანტურია უდანაშაულოდ სცნო.

"მოსამართლემ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და გიორგი ჭანტურია უდანაშაულოდ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ გიორგი ჭანტურიას დანაშაული არ ჩაუდენია და რომ მის მიმართ ფალსიფიცერებული მტკიცებულებების გზით, შსს და პროკურატურა ბრალდების დამტკიცებას ცდილობდა," - აცხადებს გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ბექა ბასილაია.

პროკურორი კი აცხადებს, რომ ბრალკდების მხარე საქმეს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. 

"წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ იმას, რომ სამსონ ქუთათელაძე გიორგი ჭანტურიამ მოკლა. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდებული გაამართლა. მაგრამ, ბრძოლა გრძელდება და ბრალდების მხარე შეეცდება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში," - აღნიშნავს პროკურორი ლევან ჯალაღონია.

გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა 2018 წლის 7 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2019 წლის 3 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და ასევე, გირაოსთან ერთად დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები.

დღის ამბები