25 აპრილი 2024,   10:06
ვრცლად
ლაშა ტალახაძე უცხო ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ აპირებს

აპირებს, თუ არა ლაშა ტალახაძე სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას - მთელი დღის განმავლობაში აქტიურად განიხილება ოლიმპიური ჩემპიონის ინტერვიუ,სადაც რეკორდსმენმა სპორტსმენების დაფასებაზე და უცხო ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე ისაუბრა.ამის შემდგ გაჩნდა კითხვა- უკავშირდება, თუ არა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენის სამომავლო გეგმები საქართველოს გარდა სხვა ქვეყანას.

ლაშა ტალახაძე უცხო ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ აპირებს. ზოგადად ძალიან რთულია ამის წარმოდგენა, თუმცა დღის მანძილზე აღნიშნული თემა საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა.

რამდენიმე წუთის წინ თავად სპორტსმენმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის არც ერთი ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ აპირებს.

"ერთ-ერთ გადაცემაში ჩემმა ბოლო კომენტარმა როგორც ვხვდები დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამიტომ განვმარტავ, რომ არც ერთი ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ. როგორც იცით არა ერთხელ მქონია სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემოთავაზება, თუმცა როგორც ხედავთ არსად წავსულვარ და ასე იქნება მომავალშიც," - აღნიშნულია ლაშა ტალახაძის facebook  პოსტში.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა სპორტის გასაჯანსაღებლად ყველაფერს აკეთებს. ის აღნიშნავს, რომ სპორტსმენებს წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააჩნიათ.

"ეს ყველაფერი ვთქვი აი სპორტის მიწურვის შემდეგ შესაძლებელია უკვე საკუთარ თავზეც ვიფიქრო. სხვა ქვეყნის სახელზე გადასვლას და მსგავს რაღაცებს ნამდვილად არ ვაპირებ და არც მაქვს გეგმებში. იმდენად უკეთ მიდის სპორტის განვითარება დღესდღეობით საქართველოში, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ სპორტი გაჯანსაღდეს და ეს ასახული არის ასევე ჩვენს საერთო დარბაზებზე და იმ პირობებზე, რაც ჩვენს ქართველ სპონსორებს აქვს. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ,“ - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეც ადასტურებს, რომ ლაშა ტალახაძე საქართველოს სახელით იასპარეზებს და ყველა მედალს თავის ქვეყანას მიუძღვნის. მისივე განცხადებით, შეუძლებელია არ დავინახოთ ის ცვლილებები, რაც 2004 წლიდან დღემდე სპორტში განხორციელდა. ასანიძის თქმით, ქართული სპორტი მუდმივად რეფორმას განიცდის და წინ მიდის.

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სპორტსმენების ღვაწლი სათანადოდ იქნას დაფასებული.

"ის რესურსი, რაც ქვეყანას გააჩნია მაქსიმუმს აძლევს ისეთ სპორტსმენს, მაგალითად როგორიც ლაშა ტალახაძეა. აქ რესურსზეა საუბარი. მე როგორც დავინახე უფრო კერძო სექტორზე ჰქონდა გამახვილებული ყურადღება, ვიდრე ხელისუფლებაზე იმიტომ, რომ სამინისტროს რა შესაძლებლობაც აქვს მაქსიმუმ იღებს სპორტსმენების მიმართულებით," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილი.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები