26 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 8 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 8 მილიონს უახლოვდება. მკურნალობას განაგრძობს 3 მილიონ-ნახევარი პაციენტი, მათგან 54 000-ზე მეტის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, შემდეგ ბრაზილია და რუსეთი.

ყოველდღიურად ათასობით ახალი ინფიცირებული და ასობით გარდაცვლილი - ეს მექსიკაა, სადაც მძიმე პანდემიური ვითარების მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვები მოხსნა, მიზეზი საზოგადოების მოთხოვნაა. მექსიკელები აცხადებენ, რომ თუ სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან, შიმშილი მოკლავთ. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 500 ადამიანი დაინფიცირდა, 424 გარდაიცვალა. 143 000 "კოვიდ-19-ის" შემთხვევით მექსიკა მსოფლიოში მე-14 ადგილზეა.

პანდემიურ მსოფლიოში აუცილებელ და მომგებიან საქმიანობად იქცა ვირუსისგან დამცავი აქსესუარების დამზადება, თუმცა კვლავ განხილვის საგნად რჩება საკითხი, რამდენად შეუძლია სხვადასხვა დიზაინის პირბადეს ისევე ეფექტურად დაიცვას ადამიანები ინფიცირებისგან, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ სამშრიან სამედიცინო პირბადეს.

როგორც ვირუსოლოგთა უმრავლესობა აცხადებს, ინფექციისგან დაცვა არასამედიცინო დანიშნულებით წარმოებულ პირბადეს თითქმის არ შეუძლია, თუმცა როდესაც სამედიცინო პირბადის დეფიციტია, მისი გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ხშირად გავრეცხავთ და ხელებით არ შევეხებით.

იმ რეგიონებში, სადაც პანდემია თითქოს დასრულდა, ინფიცირების ახალი შემთხვევები კვლავ ფიქსირდება. ტოკიოში გასული 24 საათის განმავლობაში "კოვიდ-19-ის" 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ეს კი მაისის შემდეგ იაპონიის დედაქალაქში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იაპონიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე "კოვიდ-19-ის" 18 220 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 940 ადამიანი.

დღის ამბები