მთავრობის ადმინისტრაციასთან ფოტოგრაფებმა აქცია გამართეს. თვითდასაქმებული ფოტოგრაფები ხელისუფლებისგან ქორწილების და სხვადასხვა ღონისძიების გამართვის უფლებას ითხოვენ.
მათი თქმით, სხვადასხვა ღონისძიების ფოტომომსახურება მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
"დღეს აქ მყოფების უმრავლესობის ერთადერთი შემოსავალი არის მხოლოდ ღონისძიებები, იგულისხმება ქორწილები, დაბადების დღეები, ნებისმიერი ღონისძიება, არამარტო ფოტოგრაფისა და ოპერატორის. მაგალითად, ვინც გეგმავს ამ ყველაფერს, ვინც აკეთებს მაკიაჟს, ცეკვავს, ვინც საქორწილო კაბებს კერავს, ყველა დარჩა შემოსავლის გარეშე.
მაგრამ დღესდღეობით მთავრობა მართავს ღონისძიებებს, ერთად იკრიბება ასობით ადამიანი, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ პატარა ღონისძიებაც კი გადავიღოთ," - აცხადებს ფოტოგრაფი ოთარ ჩახუნაშვილი.