24 აპრილი 2024,   06:21
ვრცლად
ქართული სასტუმროების თაღლითური სქემა Booking.com-ის მეშვეობით - ტრანსნაციონალური დანაშაულის დეტალები 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი 6 სასტუმროს ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ ბრალდებულებთან გ.კ. და კ.ა.-სთან და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან გარიგებაში შევიდნენ.

8 პირი, რომლებიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს თაღლითობაშია ბრალდებული. საქალაქო სასამართლომ მათ დღეს პატიმრობა შეუფარდა. ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებული ყველა პირი საქართველოს მოქალაქეა.

დანაშაულებრივი სქემა კი ასეთია - ბიზნესმენი, რომელიც 6 სასტუმროს მფლობელი იყო, სხვა ბრალდებულებთან ერთად ამერიკის მოქალაქეების წინასწარ მოპოვებული საბანკო ანგარიშების დახმარებითა და კომპანია Booking.com-ის მეშვეობით თავისივე სასტუმროს ნომრებს არარსებულ მომხმარებლებზე ჯავშნიდა და უნებართვოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად ბარათიდან თანხებს აჭრიდა.

დაკავებულებს სხვადასხვა ბანკში გახსნილი ჰქონდათ პოსტტერმინალისა და ჯეო-ფეის ანგარიშები, საიდანაც თაღლითური გზით მოპოვებულ თანხებს ანაღდებდნენ, შემდეგ კი საზღვარგარეთ სხვადასხვა ანგარიშზე რიცხავდნენ. ზარალი 60 400 აშშ დოლარსა და 690 000 ლარს შეადგენს.

დღეს ექვსივე სასტუმრო დაკეტილია, აქედან ერთ-ერთი სახელად "ჯიჯია", რომლის მფლობელიც დაკავებული გოჩა გიორგაძე, სავარაუდოდ, ის ბიზნესმენია, რომელსაც თაღლითური სქემა ეკუთვნის.

თაღლითურ დანაშაულში მხილებული რვავე პირის სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმის პროკურორის განმარტებით, 8 ბრალდებულიდან 3 პირი ამ დრომდე იმალება და მათზე ძებნაა გამოცხადებული. მათ პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯათ.

ბრალდებულიდან დანაშაულს მხოლოდ ერთი პირი აღიარებს. მისი უფლებადამცველის განცხადებით, დაკავებული ბრალდებას ეთანხმება, თუმცა მოპოვებული და გავრცელებული ვიდეომასალის ავთენტურობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს როგორც ის, ასევე სხვა ბრალდებულის უფლებადამცველებიც.

თაღლითურ სქემას დაზარალებული მხარე საბანკო სექტორი ჰყავს. გამოძიება გრძელდება და პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ დამნაშავე პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები